ბეჭდვის ისტორია - ბეჭდვის ისტორიის განვითარება საქართველოში

ბეჭდვის ისტორია


ქაღალდი ბეჭდვის ხელოვნება მაღალი ბეჭდვა ღრმა ბეჭდვა ლითოგრაფია და ოფსეტური ბეჭდვა
ბეჭდვის გამოსახულება ბეჭდვის ისტორიის განვითარება საქართველოში

ბეჭდვის ისტორიის განვითარება საქართველოში

ეროვნული სტამბის – ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი კულტურული წარსულის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ქართული წიგნების ბეჭდვის დაწყება შორეულ რომში მთელი ოთხმოცი წლით უსწრებს პირველი სტამბის ამოქმედებას საქართველოში. (1629-1709 წწ).

1629 წელს რომში გამოვიდა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – ქართულ-იტალიური ლექსიკონი. ამ წიგნის თავფურცელს აწერია, რომ იგი შეადგინა სტეფანე პაოლინიმ ქართველ ნიკიფორე ირბაქის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის) დახმარებით. ეს წიგნი შეიცავს 300-მდე ქართულ სიტყვას, ქართულ ანბანსა და იტალიური სიტყვების საძიებელს.

ამავე წელს რომში დაიბეჭდა მეორე ქართული წიგნი - «ქართული ანბანი ლოცვებითურთ». რომში XVII საუკუნის განმავლობაში დაბეჭდილ წიგნთაგან ცნობილია სულ ხუთიოდე დასახელების გამოცემა. მათ შორის მისიონერ ფრანცისკო მარია-მაჯიოს «ქართული ენის გრამატიკა» (პირველი გამოცემა – 1643 წელს, მეორე – 1670 წელს). წიგნები აწყობილია მხედრული და ნუსხური შრიფტით.

XVII საუკუნეების ბოლო წლებში საქართველოში შექმნილი აუტანელი პოლიტიკური ვითარების გამო მოსკოვს გადახვეწილი ცნობილი პოეტი და მწიგნობარი, მეფე არჩილ მეორე უკავშირდება დასავლეთ ევროპიდან ჩამოსულ განათლებულ უცხოელებს – ამსტერდამის ბიურგომისტრს ნიკოლა ვიტცენს და შვედ მეცნიერს დიპლომატ იოჰან შპარვენგელფერდს, ხოლო მათი მეშვეობით ამსტერდამში მოღვარე უნგრელ მიკლოშ კიშს და იწყებს სტამბის მოწყობასა და საგამომცემლო საქმიანობას. მან შეადგინა ქართული ასოების დამწერლობის ნიმუშები და გაუგზავნა ამსტერდამში სახელგანთქმულ ასოთმქანდაკებელსა და წიგნების ამწყობს მილოშ ტოტფალუშ კიშს, რომელმაც 1687 წელს თავისი შრიფტისათვის გამოიყენა ეს ნიმუშები და მიიღო ქართული ასომთავრულის, ნუსხა-ხუცურისა და მხედრული შრიფტების პირველი ანაბეჭდები.

1705 წელს მოსკოვის სინოდის სტამბასთან მოწყობილ ქართული წიგნის სამბეჭდაოში აიწყო და დაიბეჭდა «დავითნი». არჩილს განზრახული ჰქონდა სახარების გამოცემა, მაგრამ ვერ მოასწრო, 1713 წელს იგი გარდაიცვალა. მისი ნაშრომი გამოუყენებიათ 1742-1743 წლებში ბიბლიის გამომცემლებს ბაქარსა და ვახუშტის.

ამავე პერიოდში ვახტანგ მეექვსე ვლახეთიდან (ახლანდელი რუმინეთი) მესტამბე მიხაელ სტეფანოვიჩი, ანუ მიხაილ ვალახი (ცნობილი ქართველი მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის მოწაფე) მიიწვია. თბილისში მტკვრის პირას, თავისი სასახლის ახლოს, სტამბა მოაწყო და შეუდგა წიგნების გამოცემას. ამ სტამბაში 1709 წელს დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი «სახარება». ამავე წელს გამოიცა «დავითნი» და «სამოციქულო».

ვახტანგის სტამბაში 1709-1722 წლებში ოცამდე დასახელების წიგნი გამოვიდა. მათ შორის აღსანიშნავია შოთა რუსთაველის უკვდავი «ვეფხისტყაოსნის» პირველი შესანიშნავი გამოცემა.

1709 წლის პირველი ორი გამოცემა «სახარება» და «დავითნი» მხოლოდ შავი საღებავით იბეჭდებოდა, მაგრამ ამავე წელს გამოცემულ «სამოციქულოს» თავფურცელზე, ვრცელ საძიებლებსა და სხვა დამატებებში წითელი საღებავი უხვად იხმარება.

1709 წლის პირველი გამოცემის ტექსტები ძირითადად ერთსა და იმავე მსხვილი, მკაფიო, ადვილსაკითხავი ნუსხური შრიფტით არის დაბეჭდილი, როგორც ჩანს სტამბას იმ დროს სხვა შრიფტი არ გააჩნდა.

1710 წელს მდგომარეობა შეცვლილია. ამ წელს დაბეჭდილ «კონდაკში» ვხვდებით შრიფტების ნაირსახოებას.

1723 წელს დასაწყისში ოსმალთა შემოჭრის გამო სტამბის მუშაობა შეწყდა. ვახტანგ VI იძულებული გახდა დიდი ამალით რუსეთში გადახვეწილიყო. სამაგიეროდ რუსეთში მყოფი ქართველი მოღვაწენი ვახტანგის შვილი ბაქარი, ვახუშტი ბატონიშვილი და სხვები მოსკოვსა და პეტერბურგში განაგრძობდნენ ქართული წიგნების გამოცემას. 7 წლის მანძილზე 11 სქელტანიანი წიგნი დაბეჭდეს. მათ შორის 1743 წელს მოსკოვის მახლობლად სოფელ ვსესვიატსკოეში ქართულ სტამბაში დაიბეჭდა «ბაქარის ბიბლია», 1744 წელს არსენ იყალთოელის თარგმანი იოანე დამასკელის «გარდმოცემა აუცილებელი მართლმადიდებლისა სარწმუნოებისა».

მოსკოვის სტამბისათვის ქართულ შრიფტებს ამზადებდნენ პეტერბურგში ქრისტეფორე გურამიშვილის ხელმძღვანელობით. მან 1736 წელს პეტერგურგის სამეცნიერო აკადემიასთან მოაწყო ქართული სტაბმა, სადაც დაიბეჭდა რუსულ-ქართული ანბანი ლოცვებით, ლათინური ლოცვების ტექსტით, შენიშნვებით. 1741 წელს მოსკოვში გამოვიდა «მარხვანი».

1749 წელს ერეკლე II აღადგინა თბილისის სტამბა. 1782-1785 წლებში საგამომცემლო საქმეს აყვავების ხანა დაუდგა. გაუმჯობესდა და გაფართოვდა სტამბის შრიფტი და მოწყობილობები, მაგრამ 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს სტამბა ხელმეორედ დაინგრა. სამაგიეროდ მუშაობა გააცხოველა მოსკოვის ათანასე ამილახვრის სტამბამ, ხოლო 1796-1801 წლებში მოზდოკის ქართულმა სტამბამ, რომელიოც გაიოზ რექტორმა დაარსა.

1793 წელს იმერეთის მეფემ სოლომონ II მესტამბე გ. პაიჭაძეს დაავალა სტამბის მოწყობა. მან ერთ წელიწადში სტამბაც გახსნა და პირველი წიგნიც გამოსცა. 1803 წელს ამ სტამბას სათავეში ჩაუდგა მოზდოკის სტამბიდან გადმოსული რომანოზ რაზმაძე-ზუბაშვილი. იმერეთის სტაბმა 1809-1811 წლებში მუშაობდა სოფელ წესში, 1815-1817 წლებში კი საჩხერეში (ზურაბ და გრიგოლ წერეთლის კარმიდამოში). ამის შემდეგ წიგნის გამოცემა კვლავ შეფერხდა. 1801-1837 წლებში გამოვიდა მხოლოდ შვიდი წიგნი, მათ შორის «ოსური საცისკრონი ლოცვანი», რომელიც აწყობილია ნუსხური შრიფტით და დართული აქვს ოსური ბგერების გამომხატველი ნიმუშები.

დადგენილია, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა სხვადასხვა დროს ქართული წიგნი გამოდიოდა აგრეთვე პარიზსა და მონთიბანში (საფრანგეთი), ლონდონში, ბერლინში, ვენეციაში, კონსტანტინეპოლში, კავკავში, ბაქოსა და სხვ. მაგრამ ეს თითო-ოროლა გამოცემა მხოლოდ ამა თუ იმ პერიოდის შემთხვევითი მოვლენა იყო და უმნიშვნელო გავლენას ახდენდა ქართული მწიგნობრობის განვითარებზე, თუმცა მათ გარკვეული როლი შეასრულეს ქართული წიგნის ისტორიისათვის.

1836 წელს ქართული წიგნის გამოცემა თბილისში კვლავ გამოცოცხლდა. ვითარდება ბეჭდვითი საქმე, გარდა თბილისისა სტაბმები დაარსდა ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ზუგდიდში, სენაკში, ხონში, გორში, თელავში, სიღანაღსა და ზესტაფონში. თბილიში ამ პერიოდისთვის არსებობდა 19 სტამბა, სადაც იბეჭდებოდა წიგნები, ჟურნალები და გაზეთები.

ეს ის პერიოდია, როცა საგამომცემლო საქმეს სათავეში ჩაუდგა ქართველთა შორის წერა-კითხის გამავრცელებელი საზოგადოება. 1850 წელს დაიწყო ქართული კომედიების სერიის გამოცემა (გიორგი ერისთავის «გაყრა»). 1851-1867 წლებში სულ გამოვიდა 142 ქართული წიგნი.

ამ პერიოდიდან ქართული წიგნის გამოცემის საქმე მტკიცედ უბრუნდება მშობლიურ კერას და მას შემდეგ საქართველოში უფრო მეტი ქართული წიგნი გამოდის, ვიდრე მის გარეთ.


© 2007, ავტორი - ნონა მამუჭაძე, ხელმძღვანელი - იოსებ ჩხარტიშვილი
სიამოვნებით მივიღებთ მითითებებსა და შენიშვნებს

Georgian Search Engine - interes!ge

Hosted by uCoz